როგორ შევარჩიოთ სასურველი დეზინფექტანტი
  1. განსაზღვრეთ სფერო - სად აპირებთ სადეზინფექციო საშუალების გამოყენებას.
  2. განსაზღვრეთ დანიშნულება - რისთვის აპირებთ სადეზინფექციო საშუალების შეძენას - ხელის, კანის, ზედაპირების და ა.შ.
  3. განსაზღვრეთ სადეზინფექციო საშუალების აქტიური მოქმედი ნაერთი. (იხელმძღვანელეთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რეკომენდაციებით) - მოითხოვეთ დოკუმენტურად დადასტურებული ეს ინფორმაცია სადეზინფექციო საშუალების მომწოდებელი კომპანიისგან.
  4. განსაზღვრეთ არის თუ არა რეგისტრირებული ეს საშუალება საქართველოში. იხილეთ ბმული https://ncdc.ge/#/blog/blog-list/b7130a40-b29f-4c2a-b258-c213a04e2769 და ჩამოტვირთეთ რეგისტრირებულ საშუალებათა ნუსხა როგორც ცნობების, ასევე მოწმობების სახით (2 ფაილია და ერთ-ერთში მაინც უნდა იყოს საშუალება)
  5. სადეზინფექციო საშუალების ღირებულება აუცილებლად დაითვალეთ 1 ლ სამუშაო ხსნარზე გაანგარიშებით, რადგან ზოგჯერ 1ლ კონცენტრატი, რომელშიც პირობითად 10 ლარს იხდით და 100 ლ სამუშაო ხსნარს გაძლევთ, იმაზე ძვირი გიჯდებათ, ვიდრე 1ლ კონცენტრატი, რომელიც პირობითად 30 ლარი ღირს და 400 ლიტრ სამუშაო ხსნარს გიმზადებთ.
  6. მოიკითხეთ მწარმოებლის გამოცდილება, საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატები, სერიული ანალიზის სერთიფიკატები და ა.შ. რადგან მრავალწლიანი გამოცდილება ხარისხიანი პროდუქციის წარმოების პირდაპირპროპორციულია.
  7. მოითხოვეთ მომწოდებლისაგან შემდეგი დოკუმენტაცია: მწარმოებლის ორიგინალი ანოტაციები, 2. მონაცემთა უსაფრთხოების ფურცლები (MSDS), 3. საქართველოში რეგისტრაციის მოწმობა, 4. სერიული ანალიზის სერთიფიკატები (მწარმოებლები, რომლებიც საკითხს პასუხისმგებლობით უდგებიან, რეალიზაციაში სერიული კვლევის გარეშე პროდუქციას არ უშვებენ)
  8. ნუ ენდობით მომწოდებლის მხოლოდ სიტყვიერ ინფორმაციას პროდუქციის უსაფრთხოების შესახებ, მოითხოვეთ იგი დოკუმენტურად დადასტურებული.
  9. შეფუთვის ეტიკეტირება - აუცილებლად, თქვენთვის და ექიმისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს შეფუთვა ეტიკეტირებული. არ არის გამორიცხული ვინმემ შემთხვევით დალიოს სადეზინფექციო ხსნარი. ასეთ გადაუდებელ შემთხვევაში, ექიმ-ტოქსიკოლოგს დეზინფექტანტის შემადგენლობისა და უსაფრთხოების შესახებ შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია სამკურნალო გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში დაეხმარება.

ამ სტატიის მომზადება და თქვენამდე მოტანა ადამიანის კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული კოვიდინფექციის გავრცელების გლობალურმა მასშტაბებმა და პანდემიამ გადაგვაწყვეტინა. ასეთ პირობებში პროფესიული გამოყენების სადეზინფექციო საშუალებებზე მოთხოვნის გაზრდამ გეომეტრიული პროგრესიით გაამრავლა  კომპანიები, რომლებიც ზოგჯერ სრულიად გაუთვითცნობიერებლად, მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით ახორციელებენ სადეზინფექციო პროდუქტების წარმოებას, იმპორტსა თუ რეალიზაციას.

დასაწყისისთვის, მოკლედ მიმოვიხილოთ სადეზინფექციო საშუალებები. ისინი იყოფა მრავალ სხვადასხვა ჯგუფად -გამოყენების სფეროს, დანიშნულების, ქიმიური შემადგენლობის, მომზადების წესის, სამიზნე მიკრობების და ა.შ. მიხედვით.

დღეისათვის მსოფლიოში უამრავი ნივთიერება არსებობს, რომლებსაც მწარმოებლები თავიანთ პროდუქტებში სხვადასხვა კონცენტრაციებით იყენებენ და ამგვარად სადეზინფექციო საშუალებებს საბოლოო სახეს აძლევენ. ეს ნივთიერებები შეგვიძლია დავყოთ დიდ ჯგუფებად  1. მეოთხეული ამონიუმის ქლორიდები; 2. ალდეჰიდები; 3. აქტიური ქლორის შემცველი ნაერთები; 4. სპირტები; 5. ფენოლები და ა.შ. ზოგიერთი ნივთიერება, რომლებსაც ადრე იყენებდნენ მწარმოებლები, სრულიად იქნა ამოღებული დეზინფექტანტების დასავლური (ამერიკული და ევროპული) წარმოებიდან, რადგან მათ ბევრი სერიოზული გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა. ზოგიერთ მათგანი კი დღემდე კვლევაშია.

რაც შეეხება სფეროებს, დღეისათვის ცივილიზებულ მსოფლიოში არ არსებობს სფერო, სადაც პროფესიულ დეზინფექციას არ იყენებდნენ. ესენია, უპირველესყოვლისა ჯანდაცვის სექტორი და მასთან გათანაბრებული ყველა ობიექტი (სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების ჩათვლით), საკვების მომზადების, შენახვის და რეალიზაციის ობიექტები (მ/შ კაფეები, რესტორნები და ა.შ.), ფარმაცევტული და კოსმეტიკური ინდუსტრია, სასწავლო დაწესებულებები (სკოლამდელი, სასკოლო და სკოლისშემდგომი), საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები (კინო, თეატრი), საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვეტერინალური დაწესებულებები (მ/შ ფერმები, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის მოშენების ადგილები) და ა.შ.

დანიშნულების მიხედვით დეზინფექტანტები შეგვიძლია შემდეგნაირად:

  1. დიდი (იატაკები, კედლები, ჭერები, გარე პერიმეტრები და ა.შ.) და მცირე (მაგიდები, კარის სახელურები, კომპიუტერები, სმარტფონები და ა.შ.) ზედაპირების, დეზობარიერების,
  2. ხელისა და კანის,
  3. სამედიცინო და არასამედიცინო დანიშნულების ინსტრუმენტების,
  4. ჭურჭლის,
  5. წყლის (სასმელი და საცურაო აუზების) და წყლის რეზერვუარების,
  6. ხილისა და ბოსტნეულის და ა.შ. საშუალებებად დავყოთ.

ჩვენს ქვეყანაში, სადეზინფექციო საშუალებები რეგისტრაციას ექვემდებარება და ამას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს.   რეგისტრაციამდე, ყველა დეზინფექტანტს  სხვადასხვა სახის მიკრობზე კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში უტარდება.. რეგისტრაციის შემდეგ კი, სადეზინფექციო საშუალებას  რეგისტრაცის მოწმობა და შესაბამისი ჰიგიენური დასკვნა ეძლევა.

გამომდინარე იქედან, რომ ადამიანის კორონა ვირუსი სრულიად ახალი ტიპის ვირუსია, მის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის და მისი თვისებების შესწავლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლაბორატორიები ამ წუთამდე 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. საინტერესოა გარემოს დაცვის სააგენტოს აშშ-ს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე https://www.epa.gov/pesticide-registration/list-n-disinfectants-use-against-sars-cov-2 განთავსებული ინფორმაცია ადამიანის კორონავირუსზე მოქმედი აქტიური სადეზინფექციო ნივთიერებების შესახებ. აღნიშნულმა სააგენტომ ადამიანის კორონავირუსზე მოქმედი პირველი სადეზინფექციო საშუალება, აშშ-ში 2020 წლის 19 მარტს დაარეგისტრირა და დღემდე სხვადასხვა წარმოების 120 საშუალება აქვს რეგისტრირებული. საინტერესო ფაქტია, რომ ამ პროდუქციის 62,5 % შეიცავს მეოთხეული ამონიუმის ნაერთებს, დანარჩენი კი ეთანოლისა და იზოპროპილის სპირტებს, ნატრიუმის ჰიპოქლორიტსა და ქლორიტს, პეროქსიძმარმჟავას, წყალბადის პეროქსიდს, ოქტანის მჟავას, ტრიეთილენგლიკოლს, L-რძემჟავას, გლიკოლის მჟავას, ფენოლს, ვერცხლის იონებს, ლიმონმჟავას, ჰიპოქლორმჟავას, ამონიუმის კარბონატსა და ბიკარბონატს. რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ამ ნაერთების კონცენტრაციები, მხოლოდ შემადგენლობა საკმარისი არაა.

მოდით შევაჯამოთ მთელის ეს ინფორმაცია და განვსაზღვროთ ის პუნქტები, რითაც უნდა იხელმძღვანელოთ სასურველი პროფესიული დეზინფექტანტის შეძენისას:

გააზიარე: